ზამთარი — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 დეკემბერი), გაზაფხულის ბუნიობის მომენტამდე (20 ან 21 მარტი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზამთარს უწოდებენ დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია.
ზამთარი წელიწადის ყველაზე ცივი დროა. დღეები მაქსიმალურად მოკლდება, თუმცა 22 დეკემბრიდან უკვე ნელ-ნელა ზრდას დაიწყებს. ადრე ბნელდება. ბევრ ქვეყანაში თოვლი მოდის და ყინვებს იჭერს.
მცენარეების ზრდა წყდება. ფოთლოვანი ხეები შიშვლდება. ზამთრის სუსხს მხოლოდ წიწვიანი ხეები უძლებს. ზოგ ცხოველს ხშირი ბეწვი ან მატყლი ეზრდება, რომ არ შესცივდეს, ზოგს კი მთელი ზამთარი სძინავს.
შობა - ახალი წლის რიტუალები საქართველოში
ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ. მეშვიდე საუკუნემდე ახალ წელს აგვისტოში აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დამდეგამდე – სექტემბერში, შემდგომ კი ახალი წელი მარტში გადაიტანეს. მეთოთხმეტე საუკუნიდან კი მისი თარიღი საბოლოოდ დადგინდა ევროპული კალენდრის მიხედვით იანვარში.რაც შეეხება შობას, ამ დღესასწაულს ჩვენში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რაზეც დეკემბრის ქართული სახელწოდება – ქრისტეშობისთვეც მეტყველებს. 25დეკემბერი ქრისტეშობის დღედ ეკლესიამ IV საუკნეში დააწესა. 1918 წეს რუსეთში შემოიღეს დასავლურ- ევროპული კალენდარი. მიღებული დეკრეტით 31 იანვრის მომდევნო დღე იყო არა პირველი, არამედ 14 თებერვალი. აქედან მოყოლებული დროის ათვლა გაიყო ორად. ძველი სტილი შეინარჩუნა ეკლესიამ, ხოლო ახალ სტილს მიჰყვება სახელმწიფო და სამოქალაქო მოსახლეობა.
საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია – მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა! წელი სიკეთე-სათნოებისა, მშვიდობისა, ბარაქისა, სიყვარულისა, გამრავლებისა! ღმერთმა დაგლოცოთ კაც-დიაცით, თქვენი შვილებით, აკვნების სიმრავლით, პურ-ღვინის დაძველებით, ზვარ-ყანების სიდიდით, ცხვარ-ძროხის სიმრავლით, კარგი სტუმრითა და ყველა მოკეთით! მრავალ ახალ წელს!"
იმერეთი თავისი სამზარეულოთი ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს სხვა კუთხეებისაგან და ეს საახალწლო სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა. მხალეულობისა და საკმაზის მრავალფეროვნება და ხორცეულის მეტად ორიგინალურად დამუშავების ცოდნის გამო, იმერული სუფრა რაც არ უნდა ღარიბული ყოფილიყო, მაინც გემრიელი იქნებოდა.
მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსს ევალებოდა, ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოევლო სახლისთვის და უფლისთვის გამრავლება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ეთხოვა. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ელაგა. სახლისთვის სამჯერ შემოვლის შემდეგ ოჯახის უფროსი კერიაში შედიოდა ოჯახის ყველაზე ხნიერ წევრთან ერთად, რომელიც მოგიზგიზე კუნძს რამდენჯერმე დაჰკრავდა ჯოხს და აშლილ ნაპერწკლებს ასეთ ლოცვას დაადევნებდა: ამდენი ოქრო ჩვენს ოჯახში, ამდენი პური და ღვინო, ამდენი მარილი, ამდენი ძროხა, ამდენი ქათამი; დაე, ეს წელი ამ ნაპერწკლებივით უხვი იყოსო.
სამეგრელო
გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.
სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებს.“ საუზმის შემდეგ კი დაიწყება თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.
სამეგრელოში თხილისგან გამოთლილ ჩიჩილაკს ბამბითა და სათამაშოებით რთავდნენ, მის სიახლოვეს კი აუცილებლად ეწყო ხილი და ტკბილეული, მოხარშული გოგრა, ხაჭაპური, ფელამუში და ღვინო. სამეგრელოში მეკვლეს - მეკუჩხურს - დიდი სიფრთხილით წინასწარ ირჩევდნენ და ოჯახიც საგულდაგულოდ ემზადებოდა მის დასახვედრად.
ახალწელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის: „აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი“-ო. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს ულოცავენ.
გურია
კალანდობა - ასე უწოდებდნენ გურიაში შობა-ახალ წელს. კალანდობა დეკემბრის ბოლოს იწყებოდა, იკვლებოდა ღორი, ცხვებოდა გურული კვერები ყველითა და კვერცხით, ნაზუქები, მზადდებოდა კუპატი და საცივი. კალანდობის მთავარი ატრიბუტი კი ჩიჩილაკი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მორთულიყო. ახალი წლის მილოცვა აქაც ოჯახის უფროსის პრეროგატივა გახლდათ. ახალი წლის დადგომისთანავე იგი ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებდა, შემდეგ შევიდოდა სახლში, წითელი ღვინით და დალოცავდა ქვეყანასა და ოჯახს. ახალი წლის ღამეს გურიაში მეალილოეები დადიოდნენ და მღეროდნენ, აგროვებდნენ ტკბილეულს, ფულსა და ხილს.
კალანდობა - ასე უწოდებდნენ გურიაში შობა-ახალ წელს. კალანდობა დეკემბრის ბოლოს იწყებოდა, იკვლებოდა ღორი, ცხვებოდა გურული კვერები ყველითა და კვერცხით, ნაზუქები, მზადდებოდა კუპატი და საცივი. კალანდობის მთავარი ატრიბუტი კი ჩიჩილაკი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მორთულიყო. ახალი წლის მილოცვა აქაც ოჯახის უფროსის პრეროგატივა გახლდათ. ახალი წლის დადგომისთანავე იგი ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებდა, შემდეგ შევიდოდა სახლში, წითელი ღვინით და დალოცავდა ქვეყანასა და ოჯახს. ახალი წლის ღამეს გურიაში მეალილოეები დადიოდნენ და მღეროდნენ, აგროვებდნენ ტკბილეულს, ფულსა და ხილს.
აჭარაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ბაქლავა და აჩმა. ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ, ამიტომ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იდგას ჯამით ხორბალი
რაჭა
ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს „კერია-ბერია“-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას „მაკვრიელი“ ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით „შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“, შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს „კერია-ბერია“-ს უნაწილებენ.
"გფარავდეთ მრავალძალის წმინდა გიორგი! შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ხოტევი და ნიკორწმინდა! აგარა და უღეში, ღმერთმა მოგცეთ ნუგეში", - ამ სიტყვებით ლოცავდა რაჭაში მეფეხე ოჯახს. თუ წინა წელს მის ფეხს ოჯახი კარგად დასცდიდა, მას კიდევ სამი წლით ირჩევდნენ. ამ სამი წლის განმავლობაში მეკვლე ოჯახს პირველი მიულოცავდა ახალი წლის დადგომას ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩარჭობილი ხურდა ფულით, ჩიჩილაკითა და სანთლით ხელში; დალოცავდა ოჯახს, საბძელს, ნალიას, მერე კი იწყებოდა ლხინი. რაჭულ საახალწლო სუფრას ამშვენებდა ლობიანები, ღვინო, ლორი, თაფლი, კაკალი, ტყლაპი, ჩირი და ვაშლი.
სვანეთი
ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ).“ სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.
სვანეთში განსაკუთრებით ერიდებოდნენ ახალი წლის წინა დღეებში სტუმრად სიარულს, კლავდნენ საახალწლოდ გასუქებულ ღორს, რომელსაც მეისარაი ერქვა, აცხობდნენ პურებს ჯვრების გამოსახულებით და ტკბილ კვერებს. როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, მეფეხეს ღამე გარეთ უნდა გაეთია, რათა ოჯახში განწმენდილი შესულიყო და კარგი ფეხი შეეტანა. ოჯახის უფროსს აქაც თავისი საქმე ჰქონდა: ალიონზე უნდა ამდგარიყო, საქონლისთვის მიეხედა, მერე კი სანთლებით ხელში შესულიყო შინ და ოჯახი დაელოცა.
სვანეთში განსაკუთრებით ერიდებოდნენ ახალი წლის წინა დღეებში სტუმრად სიარულს, კლავდნენ საახალწლოდ გასუქებულ ღორს, რომელსაც მეისარაი ერქვა, აცხობდნენ პურებს ჯვრების გამოსახულებით და ტკბილ კვერებს. როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, მეფეხეს ღამე გარეთ უნდა გაეთია, რათა ოჯახში განწმენდილი შესულიყო და კარგი ფეხი შეეტანა. ოჯახის უფროსს აქაც თავისი საქმე ჰქონდა: ალიონზე უნდა ამდგარიყო, საქონლისთვის მიეხედა, მერე კი სანთლებით ხელში შესულიყო შინ და ოჯახი დაელოცა.
სვანეთში შობას საკლავის გარეშე არ აღნიშნავენ. იკვლება ხბო, ხარი, უმეტესად კი ღორი. საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს კუბდარი, ხაჭაპური, ფხლოვანი, ფეტვრა. ეს უკანასკნელი ხაჭაპურის განსაკუთრებული სახეობაა, რომელსაც ყველთან ერთად ერეოდა დაფქვილი კანაფის თესლი, რომელიც ფეტვად მიაჩნდათ. ახლა კანაფის თესლის ნაცვლად ფეტვს გამოიყენებენ. ამზადებენ გადაზელილ ყველს, ჭვიშტარს. სვანურ საშობაო სუფრაზე საპატიო ადგილი უკავია ხორცეულს. ტრადიციულად ხარშავენ ხბოს ან დეკეულის ბეჭს, ამზადებენ ღორის კუპატებსა და ზისხორას, რომელიც წარმოადგენს უძველეს სვანურ კერძს.
ლეჩხუმი
აქ ახალი წლის შემობრძანებას ოჯახის უფროსი გობით ხელში ელოდა. ლეჩხუმში ბაბუა მიიჩნეოდა მეკვლედ. დადგებოდა თუ არა ახალი წელი, იგი ღვინით სავსე დოქით ხელში უმცროს ვაჟთან ერთად გავიდოდა ვენახში, სადაც ჯერ თავად ლოცავდა ზვრებს, შემდეგ პატარას დაალოცვინებდა; მოაპკურებდნენ იქაურობას ღვინოს, მერე მივიდოდნენ ბეღელთან, ნალიასთან, ჭურებთან, ამის შემდეგ შედიოდნენ სადგომში (სახლში) და ლოცავდნენ გვარს.
აქ ახალი წლის შემობრძანებას ოჯახის უფროსი გობით ხელში ელოდა. ლეჩხუმში ბაბუა მიიჩნეოდა მეკვლედ. დადგებოდა თუ არა ახალი წელი, იგი ღვინით სავსე დოქით ხელში უმცროს ვაჟთან ერთად გავიდოდა ვენახში, სადაც ჯერ თავად ლოცავდა ზვრებს, შემდეგ პატარას დაალოცვინებდა; მოაპკურებდნენ იქაურობას ღვინოს, მერე მივიდოდნენ ბეღელთან, ნალიასთან, ჭურებთან, ამის შემდეგ შედიოდნენ სადგომში (სახლში) და ლოცავდნენ გვარს.
ქართლი
ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე „დასაბერებლად“ თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს“ უწოდებენ.
აღმოსავლეთ საქართველოში ახალი წლის წინა დღით ოჯახში აუცილებლად მოიტანდნენ წყაროს უმძრახ წყალს და ეზოში მოასხამდნენ. მეკვლე ოჯახის უფროსი ან მოწვეული სტუმარი იყო, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ ოჯახში ხელდამშვენებული შედიოდა: მიჰქონდა დედას პურები, ყველი, ხორცი, ღვინო, გოზინაყი, ხილი, ჩურჩხელა და მარცვლეული. ზოგჯერ ცოცხალი ქათამიც მიჰყავდა. გადააბიჯებდა თუ არა მეკვლე ზღურბლს, მიმოაბნევდა ხორბლის, სიმინდის ან ქერის მარცვალს, რათა ახალი წელი ხვავიანი და ბარაქიანი ყოფილიყო.
ქართლ-კახეთში საშობაო-საახალწლო სუფრის მშვენებად ითვლებოდა (სხვათა შორის, დღესაც ითვლება) ნაზუქები. სამეზობლოში რომელი ქალიც ყველაზე კარგ ნაზუქებს დააცხობდა, მომავალ წელს ლხინისა თუ ჭირის სუფრებზე სწორედ ის ქალი ინიშნებოდა ქალების ხელმძღვანელად და მთავარ მზარეულად.
თუშეთი ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშ ირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ „წელწდობას“ მოწიწებით ეგებებიან. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს „ქრისტეს საგძალს“, კაცზე „ბაცუკაცს“ და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას – ძუძუები, ცხვრისას – დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და „კერის კვერს.“ საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!
ფშავი
ფშავი
მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან „ნაყრს“ – ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: „წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო.“ ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, „დააბერებს“ და ერთმანეთს ეტყვიან: „ეგრემც ტკბილად დამიბერდიო“. გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან.
ფშავში და ხევსურეთში არ არსებობს შობა-ახალი წელი ხინკლის გარეშე. ხევსურეთში დღესასწაულთან დაკავშირებით იხდება არაყი, იხარშება ლუდი. ცხვება საახალწლო კვერები, რომლებზეც სხვადასხვა საგანი და ცოცხალი არსებაა გამოსახული (საერთოდ, ეს ტრადიცია მთელ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული.). საახალწლო კვერი ცხვება ასევე მეკვლისთვის. ქართლში კვერები ურიგდებათ როგორც ოჯახის წევრებს, ასევე შინაურ ცხოველებს. ადრე ასეთი ტრადიციაც იყო - ხონჩაზე დადებულ მოხარშულ ღორის თავს შემოუწყობდნენ ბედის კვერებს და სანამ ოჯახის წევრები სუფრასთან დასხდებოდნენ, ოჯახის უფროსი ეზოს შემოატარებდა ხონჩას.
ხევსურეთი
ხევსურები ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო. ახალწელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.
მესხეთ-ჯავახეთი
საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: „ხარის ქედის“ მრგვალ კვერებს, ცხვრის „ბუჟუნას“, რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, „ბედის პური“ ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს. შემდეგ დიასახლისი აცხობდა „ბანის პურებს“ და „ქათამ-წიწილას“ პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსაც.: ცელს, გუთანს, ძროხის ძუძუებს, პურის ორმოს, ქერისას და დიკისას. ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა. მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; „ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი.“
საინგილო (ჰერეთი)
საინგილოში საახალწლოდ დაამზადებენ ხონჩას; დააწყობენ ზედ პურებს, ლავაშს, დადგამენ ჯამით თაფლს, ერბოს, არაწით ღვინოს, ბამბის წითელ და თეთრ ძაფებს და სახლის-დიდთან ერთად წავლენ ვენახის საკვლევად. მივლენ ერთ კარგ მოსავლის მომცემ ვაზთან. სახლის უფალი ჯერ გასხლავს ვაზს, მერე ააგებს, ჭიგოების ჩარჭობის დროს ნიადაგს ღვინით მოალბობენ; იგივე უფროსი ვაზის ძირში დაკლავს წითელ ფრთოსან მამალს, წითელ ფრთებს მოაგლეჯს და ბამბის ძაფით ამ ფრთებს ჭიგოსა და ვაზზე მიაკრავს და თან იტყვის: „ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა.“ თითო ლუკმა პურს ამოაწებენ თაფლსა და ერბოში, შეჭამენ, ცოტა ღვინოს მოსვამენ და შინ დაბრუნდებიან. ახალი წლის დღეს ინგილოებმა სადილი იციან ადრე. უფრო ქათმის წვენსა და ფლავს აკეთებენ. სადილად მოელიან გარეშე მეკვლესაც, რომელიც უნდა იყოს ვინმე ბედისგან დაუჩაგრავი, ან ნათესავი, ან ნაცნობი. მანამ მეკვლე არ ეწვევათ, არავის მიიღებენ სახლში.
აღმოსავლეთ საქართველოში, მთიანეთში საშობაო სუფრისთვის აუცილებლად აცხობდნენ ქადებს. მოხევეები ქადისთვის ზელენ საფუვრიან ტკბილ ცომს, რომელსაც კვერცხსა და ერბოს უმატებენ. ცომის მოზელა მთელ რიტუალს წარმოადგენს და მთელი დღე ეთმობა მის სამზადისს. ქადის გული მზადდება ერბოში მოხალული ფქვილისგან. ტკბილ ქადას გულში შაქარსაც უმატებენ. საახალწლოდ ქადებს მესხეთ-ჯავახეთშიც აცხობენ, ოღონდ, ნახევრადფენოვანი ცომით: საფუვრიან პურის ცომს კარაქს უსვამენ, რამდენჯერმე კეცავენ და აბრტყელებენ. უცნაურ ანალოგიას ვხვდებით ევროპაში, სადაც ერთ-ერთ საშობაო ნამცხვარს სწორედ შტრეიზელით - ჩვენებური ქადის გულით აცხობენ.
მეკვლეს ფენომენი
ზოგადად ახალი წელი კარგი საშუალებაა "ძველის დასავიწყებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად" .ამიტომ ყველა ცდილობს, ახალი წლის დღეებში ცუდზე ნაკლები იფიქროს და კამპანიისთვის ისეთი ადამიანები შეარჩიოს, ვისთანაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობს. გარდა ამისა ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი დღესასწაულია და მისი მთავარი ხიბლიც ისაა, რომ უკლებლივ ყველა ოჯახში აღინიშნება. ტრადიციების მიმდევარი ადამიანები ღამის 12 საათს საკუთარ ჭერქვეშ, საკუთარი ოჯახის წევრებთან ხვდებიან, რის შემდეგაც წინასწარ შეთანხმებული მიმოსვლა იწყება. თუმცა მანამდე მეკვლეობის მნიშვნელოვანი რიტუალია ჩასატარებელი. მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლება და ქართველ კაცსაც უჩნდება პრეტენზია - ეს ღირსება ახალ წლის პირველ წუთებშივე დაიცვას. მეკვლე, პირველ ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს და ოჯახის წევრის გარეთ გასეირნება და უკან შემობრუნება მეკვლეობად არ ითვლება."თვითონ სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, მეკვლემ ოჯახისკენ მიმავალი გზა უნდა გაკვალოს. თუმცა კვალიც არის და კვალიც, და ეს კვალი, პირველ რიგში, "ფეხზეა" დამოკიდებული. ქართველი კაცი, უცხო ოჯახში რომ შედის, კეთილი იყოს ჩემი ფეხიო - ამბობს. უცხო ფეხის შემოდგმას ოჯახში სიმბოლური დატვირთვა აქვს და "კეთილი და ბოროტი" ფეხის ცრუ რწმენა ჩვენში მხოლოდ ახალ წელს არ უკავშირდება. ღირსეულ ოჯახს სტუმრისთვის კარი ყოველთვის ღია უნდა ჰქონდეს, საახალწლო სტუმარს არა რაღაც "სასურველი", არამედ აუცილებელი სტატუსი ენიჭება. ამისთვის კი ეს საკითხი წინასწარ უნდა მოაგვარო. საერთოდ, მეკვლეს ძველ საქართველოში წინასწარ ირჩედნენ. პირველ რიგში, ის ოჯახის ახლობელი და სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. მეკვლედ, რა თქნა უნდა, ასეთ ადამიანს არ დაპატიჟებ. "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა", ასეთია მეკვლის დალოცვა. სხვადასხვა კუთხეში ეს რიტუალი სხვადასხვანაირი იყო.
ქართული საახალწლო ტრადიციების დიდი ნაწილი წარმართულია:
საქართველოში ახალ წელთან ბევრი წარმართული ტრადიცია იყო დაკავშირებული - "ბასილას", "ჩიჩილაკის", "ღორის თავის" კულტი... ჩიჩილაკის კულტი
ჩიჩილაკის კულტი საქართველოში, განსაკუთრებით - გურიასა და სამეგრელოში იყო გავრცელებული. მაგალითად, ძველ სამეგრელოში ჩიჩილაკის ტრადიცია ასეთი იყო: ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მეგრელები საჩიჩილაკოდ ტყეში თხილის ჯოხს მოჭრიდნენ და წყალში დაალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამით ჩიჩილაკის ჯოხს ზედ კერის ცეცხლზე დაატარებდნენ, რომ მის ქერქს "ტკაცატკუცი" დაეწყო. შემდეგ ზედა კანს გააცლიდნენ და ჩიჩილაკის თლას დაიწყებდნენ. გრძელ თეთრწვერიან ჩიჩილაკს, ჩვეულებისამებრ, რთავდნენ ძვირფასი სამკაულებით, ტკბილეულით და ხილით.
საახალწლო ჩიჩილაკს სამეგრელოში ძველად ერთ კვირას ინახავდნენ, შემდეგ სამკაულს შემოაცლიდნენ, თეთრ წვერს ცეცხლზე შეტრუსავდნენ და გამურულ ჯოხს "უნზრახ ოჯახში" შეაგდებდნენ. ამიტომ იმ ღამეს ყველგან ფრთხილობდნენ, რომ გამურული ჩიჩილაკის ჯოხი არავის შემოეგდო, რაც ოჯახისათვის დიდ უბედურებას მოასწავებდა.
ჩიჩილაკს თხილის ჯოხისაგან აკეთებდნენ და მისივე ტოტებით ამკობდნენ, რაც უდავოდ მზის ღვთაების თაყვანისცემასთან იყო დაკავშირებული.
მაგალითად, აფხაზები თხილს დღესაც წმინდა ხედ თვლიან და კვერებით ულოცავენ.
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ჩიჩილაკს დგამდნენ, აღმოსავლეთში კი - ნაძვის ხეს. ნაძვი სიცოცხლის, მარადიულობის სიმბოლოა
ბასილას (წმ. ბასილი) კულტი
ძველ საქართველოში, ისევე როგორც ყველა წარმართულ ქვეყანაში, ახალი წლის აღნიშვნა დაკავშირებული იყო მზის ღვთაებასთან. მხოლოდ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ (ახ. წ. აღ-ით IV საუკუნე) ახალი წლის დღესასწაული დაუკავშირეს წმ. ბასილი დიდის ხსოვნას და, შესაბამისად, ყველა წარმართული ხანის დღესასწაული იმ დროიდან გადმოქრისტიანდა. უკანასკნელ დრომდე ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო პურისაგან გამომცხვარი "ბასილას" ქანდაკებაც.
"თავდაპირველად ბასილა არა წმ. ვასილის, არამედ წარმართული ხანის მზის ღვთაების ქანდაკება უნდა ყოფილიყო, ბასილას კვერები კი - მასთან დაკავშირებული ღვთაებანი, რომლებსაც ჩვენი წინაპარნი შორეულ წარსულში შვიდ მნათობთა სახით თაყვანს სცემდნენ.
მხოლოდ III საუკუნის შემდეგ, ქრისტიანულმა ეკლესიამ ახალი წლის დღესასწაული წმ. ვასილის ხსოვნას დაუკავშირა და ამ დროიდან ქართულ საახალწლო სუფრაზე მდებარე მზის ღვთაების ქანდაკებას ბასილა ეწოდა".
ღორის თავის კულტი
ისტორიულად ძველ საქართველოში (გარდა მისი გამაჰმადიანებული ნაწილებისა) ახალი წლის სახალხო სუფრაზე საპატიო ადგილი ღორის თავს ეჭირა, სამეფოზე კი - გარეული ტახის თავს. გარეული ტახის თავი იყო გამოსახული, აგრეთვე, მეფე გიორგი I-ის ფულზეც.
საქართველოში ღორის კულტს, სხვა ცხოველებთან შედარებით, ახალი წლის დღესასწაულის დროს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. წარმართულ საქართველოში გავრცელებული იყო ხეთა თაყვანისცემა, განსაკუთრებით მუხისა, რომელიც, მზის ღვთაების სადგომად ითვლებოდა. ამასთანავე, წმინდა მუხნარის ხეივანს განსაკუთრებით ღორები ეტანებოდნენ, რომლებიც მისი წმინდა ნაყოფით იკვებებოდნენ. ამიტომ ეს ცხოველებიც, მორწმუნეთა შემეცნებით, ხელუხლებლად და მუხის ღვთაებისადმი შეწირულებად ითვლებოდნენ. მათი ხელის ხლება და ხორცის ჭამაც სასტიკად იკრძალებოდა. ხოლო, წელიწადში ერთხელ, ახალ წელს ღორებს მზის ღვთაებას მსხვერპლად სწირავდნენ.
ჩვენი წარმართი წინაპარნი, ღორებს წმინდა მუხას რომ სწირავდნენ, ამას, სხვათა შორის, სამეგრელოში დღემდე დაცული სალოცავი კაპუნობა და დოდგიმირის არსებობა მოწმობს.
ამ სალოცავს ხალხური თქმულება მარტვილის წმინდა მუხას უკავშირებს. ძველად, როდესაც მეგრელები მარტვილის მუხას თაყვანს სცემდნენ, მას მსხვერპლად თურმე ღორებს სწირავდნენ. დაკლულ ღორს სხვა სანოვაგესთან ერთად შიგ მუხაში შედგამდნენ და ამიტომ, თვით სალოცავს "დოდგიმირი" ეწოდა.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ანდრია მოციქულმა ეს წმ. მუხა მოაჭრევინა, აღნიშნული სალოცავიც ხალხმა თავის ოჯახებში გადაიტანა...
მაგრამ ქრისტიანობის გავრცელებისას, მრავალი წარმართული წესების შეცვლასთან ერთად, ღორსა და სხვა ცხოველებზეც დადებული ტაბუ თანდათანობით მოისპო და მათი ხორცის ჭამაც გაქრისტიანებულ მორწმუნეთა შორის ნებადართული გახდა.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, ახალ წელთან დაკავშირებულმა სამმა უმთავრესმა - ბასილას, ჩიჩილაკის და ღორის თავის ტრადიციებმა, მთლიანად წარმართული ხანის საქართველოდან მოაღწია ჩვენამდე.
ახალი წელი სამეფო კარზე
საქართველოს სამეფო კარის საახალწლო ეტიკეტი გამორჩეული იყო: მეფის საზეიმო შემოსვლა, მეკვლე, მილოცვები.. ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, მეჯინიბეთუხუცესი მეფეს სამ ცხენს მიართმევდა, ორი სამეფო ცხენი იყო, ერთი კი - ჯაგლაგი. ჯაგლაგს კლავდნენ და ხორცს სანადიროდ შეგულებულ ადგილას ყრიდნენ, რათა სუნით ნადირი მიეტყუებინათ. ცისკრის ლოცვის წინ, სამეფო ოჯახში ჭყონდიდელი ჯვრითა და ხატით შემოდიოდა და ის უკვლევდა. ცისკრის ლოცვის შემდეგ კი, ნადირობა იმართებოდა. ამ დღეს ნადირისთვის არ უნდა აეცდინათ და ვისაც მიზანი უმტყუვნებდა, იმას წელი ცუდად წაუვიდოდა.
საახალწლო სუფრა
რაც შეეხება საახალწლო სუფრას. ძველი ქართული საახალწლო სუფრა ნამდვილად არ იყო ისეთი უხვი და მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი, მაგრამ ასეთ სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა საქართველოს ცალკეული კუთხეების გასტრონიმიული ტრადიციები და ზოგადად სუფრის ფენომენისადმი დამოკიდებულება. დავით კობიძე, ეთნოგრაფი: "იმერეთი თავისი სამზარეულოთი ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს სხვა კუთხეებისაგან და ეს საახალწლო სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა. იმერული სუფრა რაც არ უნდა ღარიბული ყოფილიყო, მაინც გემრიელი იქნებოდა.
მთაში ძირითადად ხორცეულისაგან ამზადებდნენ კერძებს, უმეტესად ყოველგვარი საკაზმის გარეშე და იქაურ სუფრას ნამდვილად აკლდა მრავალფეროვნება. ქართლ-კახეთში საშობაო-საახალწლო სუფრის მშვენებად ითვლებოდა ნაზუქები. მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა, აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა". ახლა რაც შეეხება სასმელს. ძველქართულ საახალწლო სუფრაზე ღვინო აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ცნობილი ამბავია, რომ სვანები, მთიულები, ფშავლები და სხვა მთაში მცხოვრები ქართველები, ახალი წლის წინა დღეებში ბარში ჩადიოდნენ ღვინის საყიდლად, რადგან უბრალოდ არ არსებობდა საახალწლო სუფრა ღვინის გარეშე. მთაში რა თქმა უნდა, სუფრაზე ლუდიც იყო და არაყიც, მაგრამ ახალი წელი, ღვინის გარეშე ხომ წარმოუდგენელია.
ახალი წელი როგორც ასეთი, საეკლესიო დღესასწაული არ არის ბუნებრივია, ვერ იქნება. ეკლესიას გააჩნია თავისი უამრავი დღესასწაული, რომელსაც ყოველდღიურად აღნიშნავს, რადგან ყოველი დღე უფლის სადიდებელია. ეკლესიას აქვს თავისი დაარსების დღე, სულთმოფენობა. ეს უდიდესი დღესასწაულია.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი საეკლესიო დღესასწაული არ არის, ეკლესია მაინც ზეიმობს.
მრევლს რაც შეეხება, თავისუფლად შეუძლია ორივე იდღესასწაულოს. თუმცა, ახალი წელი იმის საბაბად არ უნდა იქცეს, რომ ჩვენი სულიერი სამყარო ავურიოთ. ის სიმშვიდე და მყუდროება, რომელსაც მარხვის განმავლობაში ვინარჩუნებთ, ქარს არ უნდა გავატანოთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, ოღონდ აუცილებლად მარხვით.
ასევე უნდა ავღნიშნოთ ძველი ახალი წელი, რომელიც საეკლესიო თვალსაზრისიდან გამომდინარე ნამდვილად დგება, ის დღე, რომელიც შობის დღესასწაულს მოსდევს. მაცხოვრის შობის შემდეგ იწყება ახალი წელი მთელს მსოფლიოში”.
წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველია – საქართველოში არ არის კუთხე, რომ იქ წმინდა ნიკოლოზის სახელობაზე რამდენიმე ტაძარი არ იყოს – თბილისში თუ ბათუმში, ქართლში თუ კახეთში, რაჭასა თუ იმერეთში...
წმინდა ნიკოლოზი ცნობილია, როგორც მსწრაფლშემწე და პატარების მფარველი და მეოხი. იგი ადრეულ საუკუნეებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
წმინდა ნიკოლოზის მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა ერთი დოდგვაროვანი, რომელიც ძალიან გაღატაკდა. სიღატაკემ უბედური მამა მიიყვანა საშინელ აზრადე___ მსხვერპლად გაეღო საკუთარ ასულთა ღირსება და მათი სილამაზის წყალობით მოეპოვებინა საარსებო სახსრები. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მის სახლთან წმინდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი ქალიშვილების გამზითვება და იხსნა სამი ქალწული განსაცდელისაგან.
ამ შემთხვევამვე დაამკვიდრა საშობაო საჩუქრების ჩვეულებაც ___ წმინდა ნიკოლოზი შედის ჩუმად სახლში და ნაძვის ხის ქვეშ ტოვებს საჩუქრებს.
1823 წელს კლემენტ კლარკ მურმა გამოაქვეყნა პოემა „შობის წინა ღამე, ანუ წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა“, სადაც აღწერილი იყო პერსონაჟი – სანტა კლაუსი, რომელიც ბავშვებს საშობაო საჩუქრებს ურიგებს. 1881 წელს თომას ნასტის ილუსტრაციებით შეიქმნა თანამედროვე სანტა კლაუსის სახე. თანაც, მხატვარმა ბავშვებისათვის მოიგონა სხვადასხვა ამბები – ის, რომ სანტა კლაუსი ცხოვრობს ჩრდილოეთ პოლუსზე, რომ თავის დღიურში იწერს კარგი და ცუდი ბავშვების საქციელს და ა.შ.
ნასტის პერსონაჟმა თანდათან მიიღო ის სახე, რომლითაც დღეს არის ცნობილი თოვლის ბაბუა – ქურქით შემოსილი მხიარული ბერიკაცი. როგორც ყვებიან, ნასტმა ეს პერსონაჟი საკუთარი გარეგნობიდან შექმნა – ის ყოფილა საშუალო ტანის ტანსრული მამაკაცი, დიდი ულვაშებითა და წვერებით. ქურქი თოვლის ბაბუას ჯერ ყავისფერი სცმია, მერე წითლით შეუცვლია.
ასე და ამრიგად, წმინდა ნიკოლოზს საშობაოდ მთელი სამყაროსთვის მოაქვს ბედნიერება – სამი გოგონასათვის გაწეულმა დახმარებამ იგი ყველას შემწედ და მეოხად აქცია.
სად ცხოვრობს თოვლის ბაბუა?
სანტა-კლაუსი და თოვლის პაპა, ერთმანეთის მეგობრები არიან .საინტერესოა როდის გაჩნდა როგორი იყო ჩვენი ქართული თოვლის პაპა? იგი საქართველოში გვიან გამოჩნდა მაგრამ საფუძვლიანად დამკვიდრდა. გამოჩნდა საყვარელი, კეთილი, მხიარული მოხუცი, თეთრი თმითა და წვერით, ნაბდითა ხურჯინით, რომელსიც პატარეს უამრავი საჩუქრით ანებივრებდა.
სად ცხოვრობს ჩვენი თოვლის პაპა? იგი სვანეთის მაღალ კოშკში დასახლდა და ყველა ბავშვისაგან ელის წერილს. ის მთელი წლის განმავლობაში თვალ-ყურს ადევნებს როგორ იქცევიან პატარები.
და როცა საქართველოში აჯღერდება ბავშვების წკრიალა ხმები, აციმციმდება საახალწლი ნაძცის ხეები, თოვლის პაპა ტოვებს სვანეთის ულამაზეს მთებს და პატარებისაკენ მოემართება.
საქართველოში ყველა ბავშვი უკვე ელის კეთილ ტოვლის პაპას. ომოთომ რომ ყველამ იცის, რომ იმ სვანური კოშკიდან სადაც თოვლის პაპა ცხოვრობს საყოველთაო სიკეთე მთელ მსოფლიოში იღვრება.
ჩრდილოეთის ძალიან ბევრი ქვეყანა, სანტა-კლაუსის საცხოვრებელი ადგილის შესახებ დღემდე ცხარედ დაობს! ბავშვები კი ყოველთვის კითხულობენ: '' საიდან მოდის სანტა-კლაუსი, მთელ დანარჩენ წელს სად ატარებს და საიადან მოაქვს საჩუქრები? გაუთავებელი კითხვებნის შემდეგ დაიბადა ლეგენდა იმის შესახებ რომ თოვლის ბაბუა ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს! მაგრამ იმის გამო, რომ აქ არ არის საძოვრები ირმებისთვის, ჟურნალ გაზეთებმა დაბეჭდეს რომ სანტა თავისი ირმებით სინამდვილეში ლაპლანდიაში ცხოვრობდა!
სანტა-კლაუსის მიწად ლაპლანდია ოფიციალურად გაეროს მიერ 1984 წელს იქნეა მიღებული! ხოლო 1985 წელს მისი შტაბ-ბინაც გაიხსნა სადაც სანტა დამხმარე ელფებთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში ბინადრობს!
წელიწადის ნებისმიერ დროს სანტა კლაუსის ნახვა ლაპლანდიაში შეიძლება. მის მნახველთა რიცხვი კი ცოტა ნამდვილად არ არის! ყოველწლიურად მას მილიონობით ბავშივი სტუმრობს, რათქმაუნდა სანტა ყველაზე მეტ დატვირთავს შობის დღეებში განიცდიის!
როგორ დამკვიდრდა საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია
საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია 2000 წელს ითვლის. რატომ დაიწყეს ადამიანებმა ხეების მორთვა? ეს იმის დამსახურებაა, რომ წარსულში ხეების მაგიური ძალის სჯეროდათ. დრუიდების ცნობილ ჰოროსკოპში ადამიანის ბედისწერა “მისი ხის” მიხედვით ისაზღვრება.ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ხეებში ნაყოფიერების სულები სახლობენ, რომელთა კეთილგანწყობაზეც პურის, ხილისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა არის დამოკიდებული.
თქმულების მიხედვით, სულები, შესაძლოა, ბოროტებიც ყოფილიყვნენ, ამიტომ საჭირო იყო სხვადასხვა საჩუქრებით მათი კეთილგანწყობის მოპოვება.
ამ ხეებს შორის, მარადმწვანე ნაძვის ხეს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ჩვენი წინაპრები მას “მსოფლიო ხედ” მოიაზრებდნენ, რომელიც სიცოცხლის უწყვეტობის სიმბოლო იყო. ტყეში ყველაზე დიდ ნაძვის ხეს პოულობდნენ და მასზე უამრავ საჩუქარს კიდებდნენ, რათა წელი ნაყოფიერი გამომდგარიყო.
აღსანიშნავია, რომ მორთულ ნაძვის ტოტებს ძველი ევროპელები სახლის კართან კიდებდნენ, მას სათამაშოებითაც რთავდნენ.
ამის შესახებ მსოფლიომ, სავარაუდოდ, გერმანელი მწყემსბისგან შეიტყო, რის შემდეგაც ამ ტრადიციამ სულ მალე გადაინაცვლა სამეფო კარზე, სადაც პრინცესები იზრდებოდნენ, შემდეგ სხვა ქვეყნების უფლისწულებს მიყვებოდნენ ცოლად და ამის ხარჯზე ნაძვის ხის მორთვის ტრადიციამ ფესვი თითქმის მთელ მსოფლიოში გაიდგა.
სწორედ ახალგაზრდა გერმანელმა პრინცესამ მორთო მე-17 საუკუნეში პირველი საახალწლო ნაძვის ხე ინგლისში, მეორე პრინცესამ ეს ტრადიცია საფრანგეთში დაამკვიდრა, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ პირველი საახალწლო ნაძვის ხე მე-16 საუკუნეში ქალაქ ელსაზში მორთეს, რომელიც იმ პერიოდში გერმანიას ეკუთვნოდა, ახლა კი ის საფრანგეთის ნაწილია.
შობის დრესასწაული
ღმერთმა ადამიანებს აღქმა დაუდო, რომ მოავლენდა მხსნელს, რომელიც მათსამოთხეში, სასუფეველში დააბრუნებდა. ღმერთმა ინება რომ ის წმინდა მარიამს, რომელიც პატარაობიდან ღვის სახლში იზრდებოდა, მისგან შონბილიყო. უფალი იუდეის ბეთლემში ქალაქის განაპირა გომურში დაიბადა.
უფლის შობას ანგელოზები ადიდებდნენ, მწყემსები ესწრებოდნენ. აღმოსავლეთიდან მოსულმა მოგვებმა ოქრო, მური და გუნდრუკი მიართვეს. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.
საახალწლოდ და საშობაოდ, როგორც მთელ მსოფლიოში ისე საქართველოშიც დიდი მონდომებით ემზადებიან. ეს ორი დღესასწაული ერთმანეთზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გამომდინარე აქედან თითოეული ოჯახი ცდილობს არცერთ ტრადიციას აუაროს გვერდი და სრულყოფილად შეხვდეს მომავალ წელს.
ქრისტიანულ სამყაროში სანთელი ქრისტეს ___ მსოფლიო სინათლის სიმბოლოა. ჩვენთან შობის ღამეს ტრადიციულად ფანჯრის რაფაზე სანთელს ვანთებთ. ამით მოვიხმობთ ქრისტეს, რათა ჩვენს ოჯახებში შემოვიდეს და თავისი მადლი შემოიტანოს. ეს ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II_ს ლოცვა-კურთხევით დამკვირდდა.
ყოველ შობას, სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ეკლესიის მრევლი გალობით უერთდება ალილოს საზეიმო მსვლელობას. მეალილოებელნი გალობით ულოცავენ თითოეულ ოჯახს ქრისტეს დაბადებას.
ალილო
საქართველოში შობა უდიდესი დღესასწაულია და მას თავისებური რიტუალი ახლავს__ კარდაკარ სიარული და „ალილოს“ სიმღერას. ფიქრობენ, რომ მისამღერი სიტყვა და რიტუალის სახელი „ალილო“ მომდინარეობს „ალილუიადან“. ალილუია ბერძნული საიტყვაა და აქებდეთ უფალს ნიშნავს. ალილოს ლექსებში შექებულია პურადი და უხვი მასპინძელი, ძუნწი და ხელმოჭერილი კი __ გაკიცხული. ალილოზე სიარულის ტრადიცია კვლავ ააღორძინა საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.
ალილოს საზეიმო პროცესიას წინ სამღვდელოება მიუძღვის და შობის ხატს, საწინამძღვრო ჯვრებს და დროშებს მიაბრძანებს. მათ მგალობლები და მორწმუნეები მიჰყვებიან და გზადაგზა შესაწირს აგროვებენ. გალობით მიმავალ მრევლს გამვლელებიც უერთდებიან. დიდი თუ პატარა საერთო სიხარულის მონაწილე ხდება. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში სრულდება, სადაც შეკრებილ მრევლს შობის დღესასწაულს კათოლოკოს-პატრიარქი ულოცავს და ლოცვას აღავლენს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს საახალწლო ბარათები, რომლებზეც დაწერეს სურვილები და გაუგზავნეს სანტა-კლაუსს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს საახალწლო ბარათები, რომლებზეც დაწერეს სურვილები და გაუგზავნეს სანტა-კლაუსს.





.jpg)

No comments:
Post a Comment